ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

დამტკიცებულია თჰუ აკადემკიური საბჭოს 2018 წლის 3 სექტემბრის N13   გადაწყვეტილებით და

ამოქმედებულია თჰუ რექტორის 2018 წლის 8 სექტემბრის N143/01 ბრძანების საფუძველზე

 

შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩატარების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. ეს წესი არეგულირებს  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში (შემდგომში თჰუ) შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩატარების წესს და მისი მიზანია საგამოცდო პროცესის ობიექტურობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

1.2. თითოეულ სასწავლო დისციპლინაში გამოცდის ფორმა და შინაარსი, ჩატარების ფორმატი დეტალურად გაწერილია სასწავლო დისციპლინის სილაბუსში;

1.3. სტუდენტისათვის სასწავლო კურსის დაწყებისთანავე ცნობილი უნდა იყოს თუ რა სახით ჩატარდება შუალედური და დასკვნითი გამოცდები, ასევე, გამოცდაზე დაშვების წინაპირობები.

1.4. შუალედური გამოცდის მაქსიმალური ხანგრძლივობაა - 2 საათი, ხოლო დასკვნითი, მათ შორის, დამატებითი გამოცდის მაქსიმალური ხანგრძლივობა  - 3 საათი;

1.5. გამოცდაზე დასწრების უფლება აქვს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელს, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანს;

1.6. სტუდენტის დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობები განსაზღვრულია უნივერსიტეტში მოქმედი ერთიანი შეფასების სისტემით, საგანმანათლებლო პროგრამითა და სასწავლო დისციპლინის სილაბუსით;

1.7. თჰუ-ში  გამოცდები ტარდება ამ წესის შესაბამისად და მისი თითოეული თანამშრომელი და სტუდენტი ვალდებულია განუხრელად დაიცვას ამ წესით დადგენილი რეგულაციები;

1.8. გამოცდების ამ წესის შესაბამისად, ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თჰუ-ში შეიძლება შეიქმნას თჰუ გამოცდების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელსაც და საშტატო ნუსხასაც განსაზღვრავს თჰუ რექტორი, ბრძანებით;

1.9. თჰუ-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია სტუდენტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას გამოიყენოს ამ წესითა და თჰუ შინაგანაწესით განსაზღვრული ზემოქმედების ზომები.

 

მუხლი 2. წერითი გამოცდის ჩატარების წესი

2.1. შუალედური წერითი გამოცდა ტარდება სასწავლო დისციპლინის სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო კვირაში და მას ატარებს სასწავლო კურსის სილაბუსის ავტორი (ლექტორი) და სამუშაო ჯგუფში მეცადინეობების ხელმძღვანელი ერთობლივად ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი;

2.2. დასკვნით, მათ შორის, დამატებით წერით გამოცდას (კომპონენტს) ატარებს სასწავლო კურსის სილაბუსის ავტორი (ლექტორი) და სამუშაო ჯგუფში მეცადინეობების ხელმძღვანელი ერთობლივად, ან ტარდება თჰუ გამოცდების ცენტრის მიერ, ფაკულტეტის მიმართვის საფუძველზე;

2.3. სტუდენტი ვალდებულია გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე; თუ სტუდენტი გამოცდაზე დააგვიანებს მაქსიმუმ 10 წუთით, იგი შესაძლოა, გამოცდის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაშვებულ იქნას გამოცდაზე; თუ სტუდენტი გამოცდაზე დააგვიანებს 10 წუთზე მეტი დროით, იგი გამოცდაზე არ დაიშვება და ხოლო საგამოცდო უწყისში შეიტანება „არ გამოცხადდა“;

2.4. სტუდენტის წერითი ნამუშევარი უნდა იყოს დაშიფრული ისე, რომ გამსწორებლისთვის უცნობი დარჩეს გასწორების ეტაპზე, ვის ნამუშევარს ასწორებს;

2.5. წერითი გამოცდის ფორმატის გათვალისწინებით, სტუდენტმა თან უნდა იქონიოს ლექტორის მიერ დაშვებული/მითითებული ინვენტარი და მასალა (მაგალითად: ნორმატიული მასალები; კალამი; კალკულატორი; ლექსიკონი და ა.შ.);

2.6. გამოცდაზე დასაშვებია წყლის ან სხვა გამაგრილებელი სასმელის შეტანა; მობილური ტელეფონი, ფოტო-ვიდეო კამერა ან/და სხვა ელექტრონული მოწყობილობა უნდა გამოირთოს;

2.7. გამოცდის მსვლელობის დროს რაიმე დამხმარე აკრძალული საშუალებით სარგებლობის შემთხვევაში გამომცდელი ვალდებულია სტუდენტს დაატოვებინოს გამოცდა.

 

მუხლი 3. ზეპირი გამოცდის ჩატარების წესი

1.1. შუალედური/დასკვნითი გამოცდის შემადგენელი კომპონენტი შესაბამისი სასწავლო დისციპლინის სილაბუსის მიხედვით, შეიძლება იყოს გამოცდის ნაწილის ზეპირი ფორმით ჩაბარება;

1.2. გამოცდის ზეპირი ფორმატი (თეორიული მასალის თხრობა, იმიტირებული პროცესი, საჯარო პრეზენტაცია და ა.შ.) განისაზღვრება სასწავლო დისციპლინის სილაბუსით და ცნობილია სტუდენტისათვის;

1.3. ზეპირ ფორმატში გამოცდის ჩატარებისას დაუშვებელია აუდიტორიაში მხოლოდ გამომცდელისა და გამოსაცდელი სტუდენტის დასწრება; ზეპირ გამოცდას სავალდებულო წესით უნდა ესწრებოდეს გამოსაცდელი სტუდენტის გარდა, სულ ცოტა 2 სტუდენტი მაინც; ზეპირ გამოცდას ატარებს სასწავლო დისციპლინის ლექტორი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ(ებ)ი;

1.4. ზეპირი ფორმატით გამოცდის ჩატარებისას ხორციელდება გამოცდის პროცესის აუდიო ან/და აუდიოვიდეო ფიქსაცია.

1.5. ზეპირსიტყვიერად შესასრულებელი დავალების დასაძლევად სტუდენტს ეძლევა არანაკლებ 10 წუთი მოსაფიქრებელი დრო.

1.6. ზეპირსიტყიერად შესასრულებელი დავალების შეცვლა სტუდენტის მოთხოვნით ერთჯერადად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სილაბუსით განსაზღვრული გამოცდის ზეპირი ფორმატი ამის საშუალებას იძლევა. ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ მოპოვებულ შეფასებას (ქულას) აკლდება ზეპირი ფორმატით ჩასაბარებელ მასალაში (თემატიკაში) სტუდენტის მიერ გამოცვლილი დავალების (საკითხების) მაქსიმალური შეფასების  20% (მაგალითად, თუ ზეპირ ფორმატში ჩასაბარებელი თემატიკის ოდენობა იყო 20 საკითხი, საიდანაც თითო საკითხი ფასდებოდა 10 ქულით,  სტუდენტს შესასრულებლად მიეცა 2 საკითხიანი დავალება, ხოლო მან გამოცვალა მიცემული დავალება მთლიანად, მის მიერ გამოცვლილი ახალი დავალების შესრულებით მიღებულ ქულათა ჯამს აკლდება 10+10=20 ქულის 20% (მაგალითად, I საკითხი - 7 ქულა + II საკითხი - 6 ქულა = 13 ქულა ზეპირ კომპონენტში - 4 ქულა (20%) ორივე საკითხის გამოცვილისათვის = 9 ქულას). 

 

მუხლი 4. გამოცდაზე ქცევის წესი და გამოცდიდან მოხსნის საფუძვლები

4.1.გამოცდაზე აკრძალულია:

ა) არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება;

ბ) გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება, გარდა ჯანმრთელობის ან განსაკუთრებული მიზეზით გამოწვეული მდგომარეობისა. გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება;

გ) გამოცდის პროცესში აკრძალულია საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება, ხმაური ან სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის გამოცდის პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. პირველ ასეთ შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გაფრთხილება, ხოლო მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში იგი კარგავს გამოცდის დასრულების უფლებას და ტოვებს აუდიტორიას; ამ შემთხვევაში გამსწორებლის მიერ ფასდება სტუდენტის მიერ ჩაბარებული დაუსრულებელი ნაშრომი;

დ) დაუშვებელია გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დამხმარე ჩანაწერების (ე.წ. შპარგალკის“) გამოყენება; ასეთ შემთხვევაში, პირველად სტუდენტს ეძლევა გაფრთხილება, მის მიერ შესრულებული წერითი ნამუშევარი გადაიხაზება და ნამუშევრის ბოლოში კეთდება წარწერა: „გადაწერილია“, ზუსტი დროის მითითებით; მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში სტუდენტი კარგავს გამოცდის დასრულების უფლებას, ხოლო მისი ნამუშევარი ფასდება „0“ ქულით;

ე) სტუდენტის მიერ სხვა სტუდენტისათვის დახმარება ან/და დახმარების გაწევის მცდელობა.  პირველ ასეთ შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გაფრთხილება, ხოლო მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში იგი კარგავს გამოცდის დასრულების უფლებას და ტოვებს აუდიტორიას; ამ შემთხვევაში გამსწორებლის მიერ ფასდება სტუდენტის მიერ ჩაბარებული დაუსრულებელი ნაშრომი;

4.2. პირველადი გაფრთხილების გარეშე სტუდენტის გამოცდიდან მოხსნის საფუძვლებია:

ა) შეფასების მიღების მიზნით გამომცდელზე/გამოცდების ცენტრის მონიტორზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ან სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენება;

ბ)გამომცდელის/გამოცდების ცენტრის მონიტორის სამართლიანი მითითების შეუსრულებლობა და მისი შეურაცხყოფა.

 

მუხლი 5. გამოცდაზე გასვლის უფლების აღდგენის წესი

5.1.დაშვებულია საპატიო მიზეზით გაცდენილი გამოცდის შუალედური/დასკვნითი/დამატებითი აღდგენა.

5.2. სტუდენტმა, საპატიო მიზეზით გამოტოვებული გამოცდის აღდგენის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით უნდა მიმართოს დეკანს. დეკანი, სტუდენტთან და სასწავლო დისციპლინის ლექტორთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას აღდგენითი გამოცდის დანიშვნის თარიღის თაობაზე.

5.3. შუალედური გამოცდის აღდგენა დასაშვებია დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე; დასკვნითი გამოცდის აღდგენა დასაშვებია დამატებითი გამოცდისათვის განსაზღვრულ პერიოდში; დასკვნითი გამოცდის აღდგენა დასაშვებია საგამოცდო სესიის დასრულებამდე;

5.4. საპატიო მიზეზებია:

ა) დოკუმენტურად დადასტურებული ავადმყოფობა;

ბ) სასწავლო მივლინებაში ყოფნა, რაც დადასტურებულია თჰუ რექტორის ბრძანებით;

გ) საჯარო, მათ შორის, სასამართლო დაწესებულებებში გამოცხადების კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება;

დ) სხვა საპატიო მიზეზი (მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა, ოჯახური ძალადობის ფაქტი და სხვ.), რომელიც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დეკანისა და სასწავლო დისციპლინის ლექტორის მიერ.

5.5. არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გამოცდის აღდგენა დაუშვებელია.

 

მუხლი 6. მიღებული შეფასების გასაჩივრების წესი

6.1. ფაკულტეტი სტუდენტის მოთხოვნისთანავე ვალდებულია შუალედურ ან/და დასკვნით შეფასებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 24 საათისა,  უზრუნველყოს სტუდენტისათვის მის მიერ შესრულებული და ლექტორის მიერ გასწორებული ნაშრომის გაცნობა;

6.2. შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასება სტუდენტის მიერ  შეიძლება გასაჩივრდეს შეფასების თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან 48 საათში სტუდენტის პერსონალური გვერდის გამოყენებით ელექტრონულად ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორთან შესაბამისი წერილობითი განცხადების შეტანის გზით;

6.3. სტუდენტის საჩივარი რეაგირებისათვის გადაეცემა სასწავლო დისციპლინის წამყვან ლექტორს (გამსწორებელს) განსახილველად საჩივრის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

6.4. გამსწორებელი ვალდებულია საჩივრის მიღებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილოს საჩივარი და საგამოცდო ნაშრომის ხელმეორედ შემოწმების გზით მიიღოს შემდეგი ერთ-ერთი  გადაწყვეტილება:

ა) საჩივარი არ დააკმაყოფილოს;

ბ) საჩივარი დააკმაყოფილოს სრულად (აამაღლოს ქულა, მოთხოვნილი ოდენობით);

გ) საჩივარი დააკმაყოფილოს ნაწილობრივ (აამაღლოს ქულა ნაწილობრივ);

6.5. იმ შემთხვევაში, თუ შეფასების შეცვლა ხდება 3-ზე მეტი ქულის ოდენობით, გამსწორებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება, სადაც უნდა განმარტოს 3-ზე მეტი ქულით ცდომილების მიზეზები;

6.6. გამსწორებელი ლექტორის გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე სტუდენტს ეცნობება სტუდენტის პერსონალური გვერდის მეშვეობით დაუყოვნებლივ;

6.7. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ ეთანხმება გამსწორებელი ლექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით დაწეროს სააპელაციო საჩივარი;

6.8. სააპელაციო საჩივარის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ფაკულტეტის დეკანი ქმნის სააპელაციო საჩივრის განმხილველ კომისიას არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი - თავად გამსწორებელი ლექტორია, ხოლო სააპელკაციო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს: ფაკულტეტის დეკანი, დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სააპელაციო კომისიის მესამე წევრი აუცულებლად უნდა იყოს იმ პროფილის სპეციალისტი, რა პროფილის საგანშიც გასაჩივრებულია შუალედური/დასკვნითი შეფასება;

6.9. სააპელაციო კომისია მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, 48 საათის განმავლობაში; კენჭისყრისას კომისიის არც ერთ წევრს არ აქვს თავის შეკავების უფლება;

6.10. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

6.11. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება სტუდენტის პერსონალური გვერდის მეშვეობით ელექტრონულად, ხოლო თუ იგი ესწრება სააპელაციო კომისიის სხდომას, სააპელაციო კომისიის სხდომაზე, გამოცხადებით. გამოცხადებული გადაწყვეტილება აისახება საგამოცდო უწყისში.


მუხლი 7. ძალაში შესვლა

ეს წესი ძალაში შევიდეს 2018-2019 სასწავლო წლიდან.

 
სასარგებლო ბმულები