დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის 

დებულება 

(მეორე რედაქცია)

შემუშავებულია  აკადემიური საბჭოს მიერ 

(2012 წლის 12 აპრილის N2 სხდომის ოქმი)

დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ

(2012 წლის 21 აპრილის N1 სხდომის ოქმი)

შეთანხმებულია დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებასთან

2012 წლის 21 აპრილს 

მოდიფიცირებულია:

აკადემიური საბჭოს 2013 წლის 7 სექტემბრის N4  და

წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 9 სექტემბრის N3

გადაწყვეტილებების საფუძველზე /

შეთანხმებულია დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებასთან

2013 წლის 9 სექტემბერს. 

მოდიფიცირებულია:  

 აკადემიური საბჭოს 2015 წლის 23 ივნისის #02 და

წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 23 ივნისის  N 01

გადაწყვეტილებების საფუძველზე 

შეთანხმებულია დამფუძნებელ (პარტნიორთა) კრებასთან

2015 წლის 24 ივნისს.

მოდიფიცირებულია:  

 აკადემიური საბჭოს 2016  წლის 12 თებერვლის  #02 და

წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის  N 01

გადაწყვეტილებების საფუძველზე 

შეთანხმებულია დამფუძნებელ (პარტნიორთა) კრებასთან

2016  წლის 15 თებერვალს.

აკადემიური საბჭოს 2017   წლის 07 თებერვლის  # 02 და

წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 10 თებერვლის  N 01

გადაწყვეტილებების საფუძველზე 

შეთანხმებულია დამფუძნებელ (პარტნიორთა) კრებასთან

2017  წლის 14 თებერვალს.

 

 

თბილისი

2016

 

თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სტატუსი

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისიისა და ამ დებულების შესაბამისად;

2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც არ ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს;

3. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდება არის შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო შემოკლებული სახელწოდებებია – „თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი“ ან „თჰუ“;

4. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივესიტეტის, როგორც მეწარმე პირის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება თჰუ წესდებით;

5. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტს აქვს მისი სახელწოდების ამსახველი ბეჭედი, ბლანკები, შტამპი და საბანკო ანგარიში;

6. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული მისამართი: საქართველო, 0162 თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა N3, შენობა N10; ფაქტობრივი მისამართი (ადგილმდებარეობა): საქართველო, 0144 თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N31;

7. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტს შეიძლება გააჩნდეს ფილიალები (წარმომადგენლობები) საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც იქმნებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მოქმედებენ უნივერსიტეტის სახელით და მათ შესახებ უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების, საგანმანათლებლო სტანდარტების, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ სამართლებრივი აქტების,  ამ დებულებისა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული მისიის საფუძველზე;

2. ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობას შორის სხვაობის შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა; საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები და დამატებები, რომლებსაც არ შეესაბამება ამ დებულების მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი, იწვევს ამ დებულების შესაბამისი მუხლის, პუნქტისა ან ქვეპუნქტის ბათილობას.

მუხლი 3. მიზნები და ამოცანები

უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული მისიის საფუძველზე და შეესაბამება საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას.

მუხლი 4. საქმიანობის საგანი

1. უნივერსიტეტი მისიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო ან/და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას:

ა) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია;

ბ) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია;

გ) “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია;

დ) ინტელექტუალური საკუთრების პროდუქციის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა;

ე) საქართველოსა და უცხოეთის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული განათლების და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება;

2. უნივერსიტეტი არ ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს.

მუხლი 5. დამოუკიდებლობა

უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. დამოუკიდებლობა თანაბრად ვრცელდება აკადემიურ,  შემოქმედებით და საგამომცემლო საქმიანობაზე.

მუხლი 6. დაფინანსების წყაროები და საკუთრება

1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ მოპოვებული სასწავლო გრანტები;

ბ) უნივერსიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული სხვა სახსრები;

გ) საგამომცემლო საქმიანობიდან მიღებული სახსრები;

დ) დამფუძნებელთა ინვესტიციები;

ე ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები;

2. უნივერსიტეტის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები. სასწავლო ინვენტარი,  სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ინტელექტუარული და სხვა პროდუქცია (სამუშაოები), კანონმდებლობით ნებადართული სხვა ქონება;

3. უნივერსიტეტის მიერ ამ დებულებით და თჰუ წესდების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის დამფუძნებლებთა (პარტნიორთა) კრების მიერ უნივერსიტეტის შემოსავლებიდან ყოველწლიურად განისაზღვრება ფულადი სახსრების ოდენობა, რომლის ფარგლებშიც დგება უნივერსიტეტის, როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველწლიური ბიუჯეტი.


თავი 2. უნივერსიტეტის მართვა

მუხლი 7. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები. 

1. უნივერსიტეტის მართვის პრინციპებია:

ა) სამართლებრივი აქტების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვ.;

ე) არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსების საჯაროობა;

ვ) სამეწარმეო თავისუფლება.

2. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და თანამდებობის პირები:

ა) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი);

გ) აკადემიური საბჭო;

დ) რექტორი, პრორექტორი;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

ვ) ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) უფროსი.

3. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას უნივერსიტეტის მართვის ორგანოში (რექტორის თანამდებობაზე, წარმოდგენილობითი საბჭოს (სენატის), აკადემიური საბჭოს წევრად, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში) ან დასაქმდეს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა პოზიციაზე.

მუხლი 8. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების უფლებამოსილებები.

1. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება უფლებამოსილია:

ა) შეითანხმოს უნივერსიტეტის მისია, სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები;

ბ) უნივერსიტეტის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;

გ) დაამტკიცოს უნივერსიტეტის ბიუჯეტი;   

დ) გაეცნოს უნივერსიტეტის საბუღალტრო–საანგარიშგებო დოკუმენტაციას და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს, წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უნივერსიტეტის საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზი, დანიშნოს და ჩაატაროს აუდიტი;

ე) მიიღოს უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, დაამტკიცოს რექტორის ყოველწლიური ანგარიში უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ; საჭიროებისამებრ შეიმუშაოს რეკომენდაციები უნივერსიტეტის საქმიანობის გაუმჯობისების თაობაზე;

2. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების სპეციალურ უფლებამოსილებანი განისაზღვრება თჰუ წესდებით.

მუხლი 9. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო – სენატი აირჩევა ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობაა 18 და იგი ორჯერ მეტია აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობაზე.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭრისყრით, ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს (6).

5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკის  წარმომადგენელი ავტომატურად.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან მშობელი, როგორც საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენელი;

7. პროფესორისა და სტუდენტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ხდება ახალი წევრის არჩევა;

9. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნან ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრევბი.

10. წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) ამტკიცებს უნივერსიტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადებებს, აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ უნივერსიტეტის სტრუქტურას;

ბ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

გ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) ხელმძღვანელს, მის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს;

დ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

ე) ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

ვ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებას;

ზ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინადადებით, რექტორთან შეთანხმებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართვის შემთხვევაში;

თ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს, აქვეყნებს დღის წესრიგებს, საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ი) ამტკიცებს უნივერსიტეტის სამსახურების დებულებებს;

კ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

11. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში სულ ცოტა ორჯერ მაინც;  წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, აკადემიური საბჭოსა ან რექტორის მიმართვის საფუძველზე, თავად საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3–ის ინიციატივით;

12. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

13. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით  – 4 წლით; მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთაგან აირჩევა საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

14. წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება.

მუხლი 10. ნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, აირჩევა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ პირდაპირ, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭრისყრით.

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით. უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტი წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობის – 2  წარმომადგენლით; აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა;

3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა მხოლოდ პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც განისაზღვრება 4 წლით.

5. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს, დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებას უთანხმებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიან და ერთწლიან  სამოქმედო გეგმებს ;

ბ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომამდგენლობით საბჭოს;

გ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ახდენს მათ მოდიფიცირებას;

ე) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა ან/და ერთობლივი პროგრამების შექმნას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის ბიუჯეტის განხილვაში;

ი) ამტკიცებს ფაკულტეტების დებულებებს;

კ) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ფაკულტეტების წარდგინებით;

ლ) ამტკიცებს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესს;

მ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესს;

ნ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემას;

ო) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭრისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავჯდომარეს –უნივერსიტეტის რექტორს;

პ) რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების ინიციატივით ან წინასწარი თანხმობით,   განიხილავს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს; გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3–თ; რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს;  რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი რექტორის განწესებამდე, რექტორის მოვალეობებს ასრულებს პრორექტორი;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

6. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს 1/3–ს მიერ;

7. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.

8. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი თავმჯდომარისა და აკადემიური საბჭოს მიერ საკუთარი წევრებისაგან არჩეული მდივნის მიერ ხელმოწერისა და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დღიდან.

მუხლი 11. რექტორი, პრორექტორი

1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს  ქვეყნის შიგნითა და გარეთ, აკადემიურ სფეროებში, აგრეთვე დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წინაშე, რისთვისაც უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

2. რექტორს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.

3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე 1 თვით ადრე, ხოლო არჩევნებს  გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

4. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას;

5. რექტორი პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირებისგან ერთ-ერთს ნიშნავს პრორექტორის თანამდებობაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით; პრორექტორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია რექტორის წინაშე;

6. რექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისივე დავალებით, პრორექტორი:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელმძღვანელობს და წარმართავს უნივერსიტეტის  საქმიანობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს უნივერსიტეტს სახელმწიფო და სხვა უწყებებში, დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, აგრეთვე სტუდენტურ გაერთიანებასთან;

გ) უნივერსიტეტის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებეს, დებს ხელშეკრულებებსა და აწერს ხელს სხვა დოკუმენტებს; უფლებამოსილია უშუალოდ ან პრორექტორის მეშვეობით წარმართოს საუნივერსიტეტთაშორისო ურთიერთობები;

დ) აკონტროლებს უნივერსიტეტის წესდების, დებულების, შინაგანაწესის და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას; პრორექტორის მეშვეობით არეგულირებს უნივერსიტეტის სამართლებრივ საკითხებს;

ე) აკონტროლებს საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციის პროცესს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფაკულტეტის საბჭოების მიერ არჩეულ ფაკულტეტის დეკანებს, ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრავს მათ ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს,  აკონტროლებს მათ საქმიანობას;

ზ) ახორციელებს უნივერსიტეტის საკადრო უზრუნველყოფას, ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირებს, შესაბამისი დეკანის შუამდგომლობის საფუძველზე იწვევს საათობრივი ანაზღაურების წესით პედაგოგებს და აფორმებს მათთან შრომით კონტრაქტებს;

თ) წარმართავს და ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესს, ამტკიცებს სასწავლო ტარიფებს, გამოსცემს სტუდენტთა მოძრაობის თაობაზე შესაბამის აქტებს;

ი) პარტნიორთა კრების თანხმობით განაგებს უნივერსიტეტის ქონებას;

კ) ამ დებულებისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, ასრულებს დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების, წარმომადგენლობითი საბჭოსა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებს;

ლ) წყვეტს დასაქმებულთა წახალისებისა და დისციპლინური დევნის საკითხებს უნივერსიტეტის შინაგანაწესით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ამტკიცებს ბიბლიოთეკით სარგებლობის დებულებას;

ნ)   გამოსცემს ბრძანებებს;

ო) ბრძანებით აკისრებს პრორექტორს ცალკეულ დავალებებსა და სამსახურებრივ ფუნქციებს;

პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს,რომლებიც გამომდინარეობენ ამ დებულებიდან,  წესდებიდან და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას;

7. უნივერსიტეტის რექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების, ცალკეულ შემთხვევებში – წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე;

8. რექტორი ვალდებულია ერთ-ერთი დამფუძნებლის (პარტნიორის) მოთხოვნის საფუძველზე დაუყონებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ და დართოს ნება გაეცნოს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას.

მუხლი 12. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (ადმინისტრაციული სამსახური)

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (ადმინისტრაციული სამსახური) აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

–  კანცელარია;

–  ბუღალტერია;

– ადამიანური რესურსების მართვა;

– მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა;

– უსაფრთხო გარემო;

– არქივი;

– საერთაშორისო ურთიერთობები;

– სამართლებრივი უზრუნველყოფა;

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები;

3. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც არის  უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭრისყრით;

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადაა – 4 წელი;

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის  ადმინისტრაციას (ადმინისტრაციულ სამსახურს);

ბ) უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობა, პირობები, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

გ) მონაწილეობს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; აკონტროლებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესრულების პროცესს;

დ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ვ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ამ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და  წარუდგინოს თჰუ აკადემიურ საბჭოს განსახილველად, თჰუ წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

ზ) შეიმუშავებს და თჰუ რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთოხების უზრუნველყოფის და  სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებს; 

თ) ასრულებს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წინაშე;

8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;

ბ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების მოტივირებული გადაწყვეტილება.

მუხლი 13. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობა (სასწავლო პროცესი), აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის სტუდენტებიც და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის;

2. უნივერსიტეტში სასწავლო მუშაობის, კვლევითი კომპონენტის შესრულების, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ დებულებისა და სამსახურის დებულების  შესაბამისად;

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის,სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები,საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით, 4 წლის ვადით;

6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და რექტორის  წინაშე;

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.

8. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად და  სასწავლო პროცესის მიმდინარე მართვის მიზნით ხარისხის მართვის სამსახურში ინიშნება სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, რომელიც თავის მხრივ კოორიდნაციას უწევს  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორის/კოორდინატორების მუშაობას;

9. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, თანამდებობაზე ინიშნება  რექტორის მიერ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით; სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

თავი 3. უნივერსიტეტის სტრუქტურა

მუხლი 14. უნივერსიტეტის სტრუქტურა

1. უნივერსიტეტის სტრუქტურას, აგრეთვე მასში ცვლილებებს შეიმუშავებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ხოლო ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურის აღწერილობა:

ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და თანამდებობის პირები განისაზღვრება ამ დებულების მე–7 მუხლის მე–2 პუნქტით;

ბ) უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ორი სამსახური:

– ადმინისტრაციული სამსახური (ადმინისტრაცია);

– ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

გ) ადმინისტრაციულ სამსახურში გაერთიანებულია კანცელარია, ადამიანური რესურსები, ბუღალტერია, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართლებრივი უზრუნველყოფა, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა, დაცვა, არქივი და ექიმის კაბინეტი;

დ) ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულია – ფაკულტეტი;

ე) უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 ფაკულტეტი:

– სამართლის,

– ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის,

– ჰუმანიტარული,

– ჯანდაცვის.

ვ) სამართლის ფაკულტეტეზე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა;

ზ) ჯანდაცვის ფაკულტეტეზე ფუნქციონირებს სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკა;

თ) ფაკულტეტის ფარგლებში იქმნება სპეციალიზაციის საპროფესოროები; მათი ოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

ი) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია – ბიბლიოთეკა.

3. უნივერსიტეტის სამსახურები, ფაკულტეტები, კლინიკები, აგრეთვე ბიბლიოთეკა   საქმიანობას წარმართავენ ამ დებულებისა და საკუთარი დებულებების შესაბამისად.

4. უნივერსიტეტის სტრუქტურის სქემატური ვერსია თან ერთვის ამ დებულებას (დანართი N1) და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

მუხლი 15. ფაკულტეტი

1. ფაკულტეტი უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.

2. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ფაკულტეტის მიერ რეალიზებული პროგრამის/პროგრამების სტუდენტები საბჭოს შემადგენლობის ¼–ს ოდენობით; ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება 2 წელიწადში ერთხელ ფაკულტეტის სტედენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა.

3. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის საფინანსო–საბიუჯეტო მოთხოვნას;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭრისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტზე რეალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) ამტკიცებს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას;

ე) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის დებულებას (საფაკულტეტო სტრუქტურით) და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს; დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 16. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე 1 თვით ადრე; არჩევნები ტარდება გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

2. დეკანად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან.

3. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სამოქმედო გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტის დებულებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს,  ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს წერილობით რეზოლუციებსა და სამსახურებრივ მითითებებს;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის მიერ ჩამოყალიბებული საპროფესოროებისა და სხვა საფაკულტეტო სტრუქტურული ერთეულების (ლაბორატორია, კლინიკა, კაბინეტი) მუშაობას;

ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

4. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია, შემდეგ შემთხვევებში:

ა) საკუთარი განცხადებით,

ბ) აკადემიკურ თანამდებობაზე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) გარდაცვალების, უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 17. საპროფესორო

1. საპროფესორო მოქმედებს ფაკულტეტის დებულების საფუძველზე და წარმართავს სასწავლო-მეთოდურ და კვლევით საქმიანობას შესაბამისი სპეციალიზაციის მიხედვით;

2. საპროფესოროს ხელმძღვანელობს პროფესორი.

3. საპროფესორო:

ა) ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს სასწავლო წლის/სემესტრის დასაგეგმად: განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვებს, საშტატო ერთეულების შესაბამისად, მოსაწვევ პერსონალს;

ბ) პერიოდულად ისმენს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციის თაობაზე, შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების თაობაზე წინადადებებს;

გ) ხელმძღვანელობს სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევისა და სილაბუსების განახლების პროცესს;

დ) შეიმუშავებს  სასწავლო–მეთოდურ მითითებებს, კოორდინაციას უწვევს ლექციების კურსების მომზადებასა და გამოცემას;

ე) ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეების ფორმირებას, უზრუნველყოფს სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, კონფერენციებსა და ექსპიდიციებში;

ვ) ხელს უწყობს პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის პროცესს, შეიმუშავებს წინადადებებს პროფესორ–მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და აკადემიურ გაცვლით პროგრამებში ჩართვის თაობაზე;

ზ) ახორციელებს ფაკულტეტის დებულებით ან ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 18. ლაბორატორია, კლინიკა ან/და კაბინეტი

1. ლაბორატორია, კლინიკა, კაბინეტი წარმოადგენს ფაკულტეტის სტრუქტურულ სასწავლო ან/და კვლევით ერთეულს, რომლის არსებობასაც ითვალისწინებს ფაკულტეტის მიერ რეალიზებული  საგანმანათლებლო პროგრამა;

2. ლაბორატორიის, კლინიკის, კაბინეტის მუშაობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით ან ლაბორატორიის, კლინიკის, კაბინეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.


თავი 4. ადამიანური რესურსები

მუხლი 19. ადმინისტრაციული პერსონალი

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:

– რექტორი, რომელიც აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ;

– პრორექტორი, რომელიც ინიშნება რექტორის მიერ, თავისი უფლებამოსილების ვადით;

– ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) ხელმძღვანელი, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო;

– ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო;

– ფაკულტეტის დეკანი, რომელსაც ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის (გარდა რექტორისა) თანამდებობაზე განწესება ხდება რექტორის ბრძანებით;

3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან (გარდა რექტორისა) ფორმდება შრომითი ხელშეკრულებები;

4. უნივერსიტეტის რექტორთან შრომის ხელშეკრულებას აფორმებს დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება.

5. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს, გამონაკლის შემთხვევაში, რექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება იმავდროულად ეკავოს  სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 20. აკადემიური პერსონალი და აკადემიური პერსონალის  მიღების, შრომის ანაზღაურების ოდენობ და პირობებგანსაზღვრის წესი

1. აკადემიური პერსონალი

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან, ასოცირებული პროფესორებისაგან,  ასისტენტ-პროფესორებისაგან და ასისტენტებისაგან;

ბ) პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ–პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა ან/და სამეცნიერო კვლევებში ან/და წარმართავენ მათ;

გ) ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ–პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში;

დ) ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ოდენობა განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

ა) აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც ტარდება გამჭივრვალობის, თანასოწრობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;

ბ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება 8 წლის ვადით;

გ) პროფესორის უვადოდ არჩევის პირობები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით; უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება სავალდებულო ატესტაციის გავლას;

დ) ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება 4 წლის ვადით;

ე) ღია კონკურსის ჩატარების, მათ შორის, თარიღისა  და საკონკურსო კომისიის განსაზღვრის გადაწყვეტილებას ღებულობს აკადემიური საბჭო;

ვ) საკონკურსო პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო ფაკულტეტების წინადადებათა გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;

ზ) ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება;

თ) კონკურსის ჩატარების თარიღი და საკონკურსო პირობები ქვეყნდება საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პროფესორი

3.1. 8 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიური ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

3.2. უვადოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის 3.1. ქვეპუნტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);

გ) თანახმაა, 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. ასოცირებული პროფესორი

ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიური ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

5. ასისტენტ–პროფესორი

5.1. ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:

ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

ბ.ა) აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

ბ.ბ) გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

5.2. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები;

5.3. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა  საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა შეავსოს განცხადების ტიპიური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

5.4. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

6. ასისტენტი

ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;  შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

– აქვს პროფესიული გამოცდილების 2  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

– გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას.

ბ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

7. ღია კონკურსის ჩატარების წესი

ა) აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით;

ბ) ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თჰუ აკადემიური საბჭო, რის საფუძველზეც გამოიცემა რექტორის ბრძანება, სადაც სავალდებულო წესით აისახება:

– ღია კონკურსის გამოცხადების თარიღი;

– ვაკანტური ადგილების ოდენობა და მიმართულება;

– კონკურსანტებისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია, მათ შორის, პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე უვადოდ არჩევის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებით წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია, უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ასარჩევი აკადემიური პერსონალის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებით წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია;

– საკონკურსო განცხადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღები; განცხადებების მიღების ადგილი;

– საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი;

– კონკურსის  საჯაროობის უზრუნველყოფის წესი.

გ) ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ყალიბდება პროფესიული/დარგობრივი ნიშნით, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისაგან, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი თჰუ–ში საშტატო აკადემიურ თანამდებობებზე; გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში თჰუ-ში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირის შეყვანა; ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

დ) საკონკურსო კომისიის ქვორუმი არის, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც;

ე) საკონკურსო კომისიის სხდომას იწვევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე;

ვ) საკონკურსო კომისიის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი;

ზ) საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე განიხილავს შემოსული განცხადებებისა  და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან და არკვევს ხომ არ არის კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი; კონკურსანტის დისკვალიფიკაციის თაობაზე საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობით; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმდჯომარის ხმა.

თ) საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის წევრებს შორის პროფილის შესაბამისად ნაწილდება საკონკურსო განაცხადები და თანდართული სილაბუსები/სამეცნიერო ნაშრომები, შესწავლისა და დასკვნის წარმოსადგენად;

ი) საკონკურსო კომისიის მეორე სხდომაზე (საჭიროების შემთხვევაში – დამატებით სხდომაზე) ხდება წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადებისა და კონკურსანტების თაობაზე შედგენილი  დასკვნების გაცნობა და შეფასება;

კ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის ვაკანსიაზე თითოეული პრეტენდენტი ფასდება 10 ქულის ფარგლებში, სადაც 4 ქულა ნაწილდება  პედაგოგიურ გამოცდილებასა და პროფესიულ მიღწევებზე, 3 ქულა – სამეცნიერო მიღწევებზე, 3 ქულა – წარმოდგენილ სილაბუსებსა და მასში ასახულ სწავლების მეთოდოლოგიაზე; ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიაზე პრეტენდენტი ფასდება იგივენაირად ან პროფესიული გამოცდილებისა და სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ან პედაგოგიური გამოცდილების ანალიზის საფუძველზე – ასევე 10 ქულის ფარგლებში; ასისტენტის ვაკანსიაზე პრეტენდენტი ფასდება აკადემიური ხარისხის, პროფესიული გამოცდილებისა და სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაცი(ებ)ის ანალიზის საფუძველზე 10 ქულის ფარგლებში;

ლ) თითოეულ კონკურსანტს  საკონკურსო კომისიის წევრები აფასებენ ინდივიდუალურად, რის შემდეგაც დგება მისი რეიტინგული გაშუალებული ქულა;

მ) გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელიც/რომლებიც დააგროვებს/დააგროვებენ სხვებზე უფრო მაღალ რეიტინგულ ქულას, მარგამ არა ნაკლებ 5–სა;

ნ) იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი იყო 1 პრეტენდენტის განცხადება, ის გამარჯვებულად ცხადდება, თუ მისი შეფასების გაშუალებული ქულა არ არის 5–ზე ნაკლები;

ო) ერთსა და იმავე ვაკანსიაზე, ერთზე მეტი კონკურსანტის მიერ თანაბარი რეიტინგული ქულის მოპოვების შემთხვევაში, საკონკურსო კომისია განმეორებით აფასებს ამ კონკურსანტებს დამატებით სხდომაზე; საკონკურსო კომისია უფლებამოსილია ამ შემთხვევაში გაესაუბროს შესაბამის კონკურსანტებს; გამარჯვებულის (უპირატესობის მქონე პრეტენდენტის) გამოვლენა ხდება ამ პუნქტის კ), ლ) და მ) ქვეპუნქტებს შესაბამისად;

პ) საკონკურსო კომისია კონკურსში გამარჯვებულ პროფესორებთან დაკავშირებით, მათი განცხადებისა და წარმოდგენილი და შესწავლილი დამატებითი საკონკურსო დოკუმენტაციის  საფუძველზე, შეიმუშავებს დასაბუთებულ დასკვნას პროფესორად უვადოდ არჩევის თაობაზე, რაც უნდა აისახოს სხდომის ოქმში;

ჟ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმდჯომარის ხმა; საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გასაჩივრებადია აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე განწესების შესახებ რექტორის ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. აკადემიური დატვირთვა

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს თჰუ რექტორი ბრძანებით.

9. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

ა) აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე განწესების შესახებ;

ბ) აკადემიურ პერსონალთან ასევე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით ან უვადოდ.

10. აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები

ა) აკადემიურ თანამდებობაზე განწესებული პირის შრომის ანაზღაურების ოდენობა, ასევე გადახდის პირობები, განისაზღვრება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდივიდუალურად;

ბ) დამსაქმებელი და დასაქმებული უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ სახელფასო სარგოს განსაზღვრის სპეციალურ პირობებზე (დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისად, საათობრივი დატვირთვის მოცულობის შესაბამისად და სხვ.)

გ) დამსააქმებელი იტოვებს უფლებას, დასაქმებულებთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე ერთი და იგივე აკადემიური თანამდებობის პირებს განუსაზღვროს სხვადასხვა ოდენობის სახელფასო სარგოები.

11. უვადოდ არჩეული პროფესორის სავალდებულო ატესტაცია

11.1. სავალდებულო ატესტაციის მიზანია უვადოდ არჩეული პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევების დადასტურება (განმეორებითი აღიარება);

11.2. სავალდებულო ატესტაციას უვადოდ არჩეული პროფესორი გადის 5 წელიწადში ერთხელ;

11.3. სავალდებულო ატესტაცია ტარდება შესაბამის საგანმანათლებლო ერთეულის ფარგლებში (ფაკულტეტზე);

11.4. საატესტაციო კომისიის შემადგენლობასა და ჩატარების ვადებს, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ამტკიცებს თჰუ რექტორი, ბრძანებით; საატესტაციო კომისიის შემადგენლობა დგება პროფესიული/დარგობრივი ნიშნით, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისაგან და მასში არ შეიძლება იყვნენ შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე მყოფი პირები; ამავე ბრძანებით განისაზღვრება საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

11.5. საატესტაციო კომისიის ქვორუმი არის, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც;

11.6. საატესტაციო კომისია/კომისიები მუშაობენ ამ დებულებით საკონკურსო კომისიისათვის განსაზღვრული წესით; გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

11.7. უვადოდ არჩეული პროფესორის მიერ საატესტაციო კომისიას წარედგინება შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)   ბოლო 5 წლის მანძილზე წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში გამოქვეყნებული  სამეცნიერო ნაშრომი/ნაშრომები;

ბ) ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მონაწილეობის ფორმატის აღწერით;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოცემული სახელმძღვანელოები / დამხმარე სახელმძღვანელოები / მონოგრაფიები;

დ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის/დისციპლინების  განახლებული  სილაბუსი/სილაბუსები;

11.8. სავალდებულო ატესტაციისას საატესტაციო კომისიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარედგინება იმ საგანმანათლებლო პროგრამის  შეფასების უახლესი შედეგები, რომლის რეალიაზაციაშიც ჩართულია პირი;

11.9. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ასევე უნივერსიტეტში მასზე არსებულ მონაცემებისა და  იმ საგანმანათლებლო პროგრამის  შეფასების უახლეს შედეგებს, რომლის რეალიაზაციაშიც ჩართულია პროფესორი;

11.10. საკონკურსო კომისიის მიერ ფასდება შემდეგი კომპონენტები: პროფესიული მიღწევები, სამეცნიერო მიღწევები;

11.11. თითოეული კომპონენტის შეფასება ხდება ერთ-ერთი შემდეგი შეფასებით:

ა) კარგი - სრულად შესაბამისი;

ბ) დამაკმაყოფილებელი - ძირითადად შესაბამისი;

გ) არადამაკმაყოფილებელი - შეუსაბამო.

11.12. საატესტაციო კომისია ატესტაციას დაქვემდებარებულ თითეულ პროფესორზე იღებს შემდეგ კონსოლიდირებულ გადაწყვეტილებას:

ა) სრულად დასტურდება პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები (კარგი შეფასებით ორივე კომპონენტში);

ბ)   ნაწილობრივ დასტურდება პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები  (დამაკმაყოფილებელი შეფასებით, მოეთხოვება საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესრულება ერთ ან ორივე კომპონენტში);

გ) აღარ დასტურდება პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები (ერთ-ერთ კომპონენტში - არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებისას).

11.13. იმ  შემთხვევაში, თუ საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირი აღარ შეესაბამება დაკავებულ აკადემიურ თანამდებობას, რექტორი ბრძანებით ვადაზე ადრე წყვეტს ამ პირთან დადებულ უვადო შრომის ხელშეკრულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; აღნიშნული არ უზღუდავს პირს უფლებას:

ა)  გადავიდეს ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე, მაგრამ არა უმეტეს, პროფესორად არჩევის თარიღიდან  8  წლისა;

ბ)  ღია საკონკურსო წესით დაიკავოს პროფესორის აკადემიური თანამდებობა თჰუ-ში, ვადიან საფუძველზე;

11.14. ამ მუხლის 11.12 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით;

11.15. ამ მუხლის 11.12 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამავე მუხლის 11.13 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ბრძანებასთან ერთად.

12. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ დებულების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო დისციპლინის პროგრამის (სილაბუსის) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

13. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებისა და უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი  აქტების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) კვალიფიკაციის ამაღლებისა ან/და სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

14. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

15. მოწვეული (არასაშტატო) პერსონალი

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–40 მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე ამავე ფაკულტეტის მიერ რეალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოწვევა, მათი საშტატო განრიგით გათვალისწინების გარეშე (არასაშტატოდ), შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, საათობრივი ანაზღაურების წესით;

ბ) მოწვეული არასაშტატო პერსონალია – უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი;

გ) უფროს მასწავლებლად მოიწვევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან სხვა კვალიფიციური პირი, რომელიც არის  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი  ან გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებითა და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;

დ) მასწავლებლად მოიწვევა დოქტორანტი ან სხვა კვალიფიციური პირი, რომელიც უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს და რომლის კვალიფიკაციაც დასტურდება არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილებითა და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;

ე)  შესაბამისი ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე ამავე ფაკულტეტის მიერ რეალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი იმავე აკადემიური პოზიციით (მოწვეული პროფესორი/ მოწვეული ასოცირებული პროფესორი/ მოწვეული ასისტენტ–პროფესორი/ მოწვეული ასისტენტი);

ვ) მოწვეულ პერსონალთან  ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 1 სასწავლო წლის ან სემესტრის მანძილზე.

16. საპატიო დოქტორი

თჰუ აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

17. აკადემიური და მოწვეული (არასაშტატო) პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მასთან დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ცალკეულ შემთხვევებში, ასევე  ამ დებულებით.

მუხლი 21. დამხმარე პერსონალი

1. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები;

2. დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე განწესება ხორციელდება რექტორის ბრძანებით; მათთან ფორმდება შრომის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. დამხმარე პოზიციებზე, რომელსაც არ ითვალისწინებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხა,  უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დასაქმდნენ პირები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.


თავი 5. სტუდენტი

მუხლი 22. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს კვლევაში;

გ) უნივერსიტეტის დებულებით, შინაგანაწესითა და სხვა შიდასაუნივერსიტეტო აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭრისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმართველობის, ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში, ამ  დებულების შესაბამისად;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინიციატივის შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

თ) საქართველოს კანონმდებლობის და უნივერსიტეტის შიდააქტების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია ან სხვა სახის შეღავათი;

ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავებაში;

ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;

2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს  მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელ პირობებს, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტისათვის უზრუნველყოფილია უნივერსიტეტში თავისუფალი გადაადგილება; იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის შენობის რომელიმე ნაწილში შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის გადაადგილება, უნივერსიტეტი ვალდებულია უნივერსიტეტის ამ ნაწილში განთავსებული სასწავლო ინვენტარით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი უზრუნველყოს უნივერსიტეტის შენობის იმ ნაწილში, რომელშიც  მისი მარტივი გადაადგილება უზრუნველყოფილია; იმ შემთხვევაში, თუ შ.შ.მ. სტუდენტი ვერ გადაადგილდება უნივერსიტეტის პერსონალის კაბინეტამდე, თავად ეს პერსონალია ვალდებული შ.შ.მ. სტუდენტი მიიღოს უნივერსიტეტის შენობის ამ სტუდენტისათვის ხელსაყრელ ნაწილში.

3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად.

4. უნივერსიტეტს ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტუდენტის ქცევა ეწინააღმდეგება საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის უზრუნველმყოფ სტუდენტის ეთიკის ნორმებს;

5. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

6. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, სამართლიანი პროცედურის გზით. უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკურ ნორმებს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს  შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას;

7. სტუდენტს, რომელიც შეასრულებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა დავალებას და მოიპოვებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამისი ოდენობის კრედიტებს, ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა დადგენილი სახელმწიფო  ნიმუშის დიპლომი.

მუხლი 23. სტუდენტის ვალდებულებები

1. სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით   ისწავლოს ყველა ის საგანი, რომლის სწავლება სავალდებულოა, აგრეთვე ის საგნები, რომლებიც საკუთარი სურვილით აირჩია;

2. დაიცვას უნივერსიტეტის  დებულება და შინაგანაწესი;

3. შეასრულოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო აქტები, მათ შორის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებები, რექტორის ბრძანებები;

4. განუხრელად შეასრულოს საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

5. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესების“ შესაბამისად.

 მუხლი 24. სტუდენტური  თვითმმართველობის  უფლებები

1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმართველობა;

2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შეიმუშავებს სტუდენტური თვითმართველობის დებულებას;

3. სტუდენტური თვითმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში, წარმომადგენლობით საბჭოში მონაწილეობის გზით;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) უზრუნველყოფს სტუდენტური წარმომადგენლობების არჩევას ფაკულტეტის საბჭოებში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) განახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ სტუდენტური თვითმართველობის საქმიანობაში.


თავი 6საგანმანათლებლო პროგრამები

მუხლი 25. აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები

1. უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს:

ა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები (პირველი საფეხური); საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არანაკლებ 240 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტის მფლობელ პირს; ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად, სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

ბ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლით (გათანაბრებული მეორე საფეხურთან);  დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით 300 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი;

გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები (მეორე საფეხური); სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით არანაკლებ 120 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი; მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება; სპეციალობის შეცვლა (გარდა, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა); კვალიფიკაციის ამაღლება; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებელ ჩატარებას, რომელთა საფუძველზეც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას.

2. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს, როგორც წესი, 60 კრედიტს;

3. სწავლის ყოველი საფეხურის დაძლევის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი, სტანდარტული დანართით.

4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.

მუხლი 26სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა, განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

2. უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება „პროფესიული განათლების დებულების საფუძველზე“, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო;

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად სხვა საგანმანათლებლო პროგრამები, გარდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისა.

მუხლი 27. სწავლების ენა

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენაა – ქართული,  ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, აგრეთვე – უცხო ენა;


თავი 7. უნივერსიტეტში სტუდენტის მიღების საფუძველი

მუხლი 28. საბაკალავრო და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების ზოგადი წესი

1. საბაკალავრო და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის მიღება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. აბიტურიენტთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით  უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია მხოლოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

მუხლი 29. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ზოგადი წესი

1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების მიზნით უნივერსიტეტი ერთიანდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;

2. უნივერსიტეტის მიერ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მისაღებად განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

3. მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უნივერსიტეტში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია მხოლოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევაში, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვება მხოლოდ  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნივერსიტეტის მიერ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მისაღებად განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვით.

 

თავი 8უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 30. უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, უნივერსიტეტის დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
სასარგებლო ბმულები