დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

დანართი N1

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშებისა და სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების წესები

(მეორე რედაქცია)

დამტკიცებულია

თჰუ რექტორის 2017 წლის 18 იანვრის   N10/01  ბრძანებით

 

მუხლი 1. საგანამანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესი

1. ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის (ECTS) (შემდგომში – "საკრედიტო სისტემა") შესაბამისად, სტუდენტის სასწავლო დატვირთვა საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად განსაზღვრული დროა, რომელიც მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათებს და გაანგარიშდება კრედიტებში;

2. საკონტაქტო საათი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის ჩართულობით სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის  განსაზღვრული დროა, ხოლო დამოუკიდებელი საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალისაგან დამოუკიდებლად სტუდენტის სასწავლო საქმიანობის დრო;

3. კრედიტი გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას, ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტ(ებ)ს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათს; კრედიტების განაწილება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტ(ებ)ს შორის ეფუძნება საშუალო აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენილი სწავლის შედეგის მისაღწევად. კრედიტების განაწილების სისწორე უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით, რაშიც აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც მონაწილეობენ; კრედიტის გაანგარიშებისას დამატებითი გამოცდისთვის (მომზადება, ჩაბარება, შეფასება) განსაზღვრული დრო, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან საკონსულტაციო დრო მხედველობაში არ მიიღება;

4. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებია სასწავლო კომპონენტი და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი; სასწავლო კომპონენტი ერთსემესტრიანია და წარმოდგენილია სასწავლო კურსის, მოდულის, პრაქტიკის, შემოქმედებითი/პრაქტიკული სახის პროექტის, საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის, სასწავლო/კლინიკური/საწარმოო (პროფესიული) პრაქტიკის ან სხვა კომპონენტის სახით; სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია და წარმოდგენილია სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის/აქტივობის სახით;

5. ერთი და იგივე შინაარსის, მოცულობისა და სწავლის შედეგების მქონე  სასწავლო   კომპონენტი  მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის;

6. ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო დატვირთვას 25 საათის განმავლობაში და მოიცავს, როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს.“;

7. საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური (სასწავლო) წლის განმავლობაში, როგორც წესი, შეადგენდეს 60 (ECTS) კრედიტს, თუმცა შეიძლება იყოს 60 (ECTS)  კრედიტზე ნაკლები, ან აღემატებოდეს 60 (ECTS) კრედიტს, მაგრამ არაუმეტეს ერთი აკადემიური (სასწავლო) წლის განმავლობაში - 75 (ECTS) კრედიტისა;

8. ერთი აკადემიური (სასწავლო) წელი შეადგენს საშემოდგომო (პირველი) და საგაზაფხულო (მეორე) სასწავლო სემესტრებისა და არდადეგების (დასვენების) პერიოდს, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს;

9. სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობაა 20 სასწავლო კვირა, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს;

10. სასწავლო კვირა არის ასტრონომიული კვირა, რომელზეც ნაწილდება სტუდენტის დამოუკიდებელი და საკონტაქტო დატვირთვა.

11. კრედიტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი  სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც დასტურდება ამ წესებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღებით; დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევბისა.

 

მუხლი 2. სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების წესი 

1. სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება, როგორც წესი სავალდებულო წესით მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა)   შუალედურ შეფასებას/შეფასებებს;

ბ)   დასკვნით შეფასებას;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი არ მოქმედებს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის შეფასების შემთხვევაში;  სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი  ფასდება ერთჯერადად (მხოლოდ დასკვნითი შეფასებით), შეფასების რელევანტური მეთოდებისა და კრიტერიუმების გამოყენებით;
3. შეფასების თითოეული ფორმა მოიცავს შეფასების კომპონენტ(ებ)ს, მეთოდ(ებ)სა და კრიტერიუმ(ებ)ს, რაც ადეკვატური უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული და მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასებისთვის; შეალედური და დასკვნითი შეფასებების ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას;
4. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.
5. შეფასების საერთო ქულაა - 100; შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) შუალედური შეფასებ(ებ)ის ხვედრითი წილი შეადგენს ჯამურად 60 ქულას (60%), ხოლო დასკვნითი შეფასების ხვედრითი წილია - 40 ქულა (40%);
6. შუალედური შეფასებ(ებ)ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად არის 11 ქულა;
7. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 20 ქულა;
8. უნივერსიტეტის მიერ რეალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გამოიყენება  შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ)(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

9. (FX) ვერ ჩააბარა შეფასების მიღების შემთხვევაში ინიშნება დამატებით გამოცდა  დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში და აისახება საგამოცდო ცხრილში; სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა; დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში; დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, ასევე დამატებით გამოცდაზე დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ვერ გადალახვის შემთხვევაში, მიუხედავად ქულათა ჯამისა, სტუდენტს უფორმდება შეფასება F (ჩაიჭრა) - 0 ქულა; აღნიშნული წესი არ ვრცელდება  სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის  მიმართ;

10. სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის შეფასებისას, (FX) - ვერ ჩააბარა შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო (F) - ჩაიჭრა შეფასების მიღების შემთხვევაში - მაგისტრანტი კარგავს იგივე სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის წარდგენის უფლებას;

11. სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების წესის დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი  ევალება თჰუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

 

მუხლი 3. შეფასების კომპონენტები, მეთოდები, კრიტერიუმები

1. შეფასების კომპონენტი განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ზეპირი/წერითი გამოცდა,  ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.);

2. შეფასების მეთოდი  საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაფასებლად გამოსაყენებელი საშუალებაა/ებია (ღია/დახურული ტესტი, საკითხი, ესე/ესეი, რეფერატი, დემონსტრირება, ჯგუფური ან პერსონალური (ინდივიდუალური) პრეზენტაცია, დისკუსიში მონაწილეობა, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში, კლინიკაში მუშაობა, კაზუსის ამოხსნა, ქეისის განხილვა, ქვიზის შესრულება, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ);

3. შეფასების კრიტერიუმი შეფასების მეთოდის საზომი ერთეულია, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე. შეფასების კრიტერიუმი შეფასების ცალკეული მეთოდისთვის მინიჭებული მაქსიმალური და მინიმალური,  დადებითი და უარყოფითი შეფასების ქულობრივ მაჩვენებლებს წარმოადგენს;

4. შუალედური შეფასების ფორმისთვის განსაზღვრული ხვედრითი წილის (60%) ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი შუალედური შეფასებები და მათი ხვედრითი წილები:

ა) სასწავლო აქტივობები (სამუშაო ჯგუფში მუშაობა, პრეზენტაცია, დებატებში, დისკუსიაში მონაწილეობა, წერითი და ზეპირი დავალებების შესრულება და სხვ.) - მაქსიმუმ 30 % (30 ქულა);

ბ) შუალედური გამოცდა -  მაქსიმუმ 30% (30 ქულა);

5. შუალედური გამოცდა  ტარდება  წერითი ფორმით, ხოლო შერჩეული შეფასების  კომპონენტი,   მეთოდი  და  კრიტერიუმი  ასახულია  საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების შესაბამისი ნაწილებისათვის შესრულებულ სილაბუსებში და ადეკვატურია  ამავე სილაბუსში განსაზღვრული და მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასებისთვის;

6. შუალედური გამოცდის ჩატარების ვადები განისაზღვრება ფაკულტეტის მიერ და არ ემთხვევა  სალექციო/სააუდიტორიო კვირას;

7. დასკვნითი გამოცდები ტარდება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ  ზამთრის და ზაფხულის საგამოცდო სესიების პერიოდში,  კომბინირებული (წერითი/ზეპირი) ან/და  წერითი ფორმით; შერჩეული შეფასების  კომპონენტი,   მეთოდი  და  კრიტერიუმი   ასახულია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი  კომპონენტის შესაბამისი ნაწილისათვის შესრულებულ სილაბუსში და ადეკვატურია  ამავე სილაბუსით განსაზღვრული და მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასებისთვის;

8. შეფასების  კომპონენტი,   მეთოდი  და  კრიტერიუმი და მათი ხვედრითი წილი  აკადემიური თავისუფლების ფარგლებში განისაზღვრება აკადემიური ან მოწვეული პერსონალის მიერ სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესაბამისი ნაწილისათვის წარმოდგენილი სილაბუსით.

9. ჯანდაცვის ფაკულტეტის მიერ რეალიზებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ამ პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების სპეციფიკა, შეიძლება საჭიროებდეს ამ მუხლით სტანდარტულად განსაზღვრულისაგან განსხვავებულ  შეფასების ფორმას (წერითი/ზეპირი), ქულათა ხვედრით წილებს (30%+30%+40%), ვადებს/პერიოდებს (მაგალითად, საკურაციო სწავლებისას). 

 

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. ამ წესების მე-2 მუხლით განსაზღვრული სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების დოკუმენტური გაფორმებისათვის რექტორის ბრძანებით მტკიცდება ნაბეჭდი სახის საგამოცდო უწყისების ფორმები; შესაძლებელია ელექტრონული საგამოცდო უწყისების წარმოებაც;

2. საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის შუალედური და დასკვნითი შეფასებების უწყისების ფორმები თან ერთვის საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის შესრულების ინსტრუქციას, რომელიც დანართის სახით თან ერთვის ამ წესებს და მისი განუყოფელი ნაწილია (დანართი N1);

3. სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის შეფასების უწყისის ფორმა თან ერთვის სამაგისტრო  პროექტის/ნაშრომის შესრულების ინსტრუქციას, რომელიც დანართის სახით თან ერთვის ამ წესებს და მისი განუყოფელი ნაწილია (დანართი N2);

4. პროფესიული (სასწავლო/საწარმოო) პრაქტიკის შუალედური და დასკვნითი შეფასების უწყისების ფორმები და პროფესიული (სასწავლო/საწარმოო) პრაქტიკის დღიურის ფორმა თან ერთის პროფესიული (სასწავლო/საწარმოო) პრაქტიკის შესრულების ინსტრუქციას, რომელიც დანართის სახით თან ერთვის ამ წესებს და მისი განუყოფელი ნაწილია (დანართი N3).

 
სასარგებლო ბმულები