დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

დამტკიცებულია

თჰუ წარმომადგენლობითი საბჭოს

2013 წლის 13 აპრილის N1  გადაწყვეტილებით,

მოდიფიცირებულია 2016 წლის 15 თებერვლის N1 გადაწყვეტილებით

 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის

შინაგანაწესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში „თჰუ“ ან „უნივერსიტეტი“) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს შრომის კოდექსის“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების საფუძველზე;

2. შინაგანაწესი წარმოადგენს  თჰუ–ში ქცევის წესების ერთობლიობას, არეგულირებს ურთიერთობებს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის, სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს შორის, აგრეთვე უნივერსიტეტში დასაქმებულებსა და უნივერსიტეტს შორის, განსაზღვრავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს; სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა ეთიკურ ნორმებს.

3.შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა.


მუხლი 2. სამუშაო განრიგი

1. თჰუ მუშაობს ყოველ დღე 09.00 საათიდან 18.00 საათამდე, გარდა უქმე და დასვენების დღეებისა;

2. თჰუ–ში დასვენების დღეა – კვირა;

3. თჰუ აკადემიური პერსონალის სამუშაო განრიგი განისაზღვრება მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; დაუშვებელია აკადემიური პერსონალის მიერ სააუდიტორიო მეცადინეობებზე დაგვიანება ან არასაპატიო მიზეზით გაცდენა; არასაპატიო მიზეზით სააუდიტორიო მეცადინეობის ჩაუტარებლობის ან 10 წუთზე მეტი ხნით მეცადინეობაზე დაგვიანების შემთხვევაში, ლექტორს უკავდება ხელფასის პროპორციული ნაწილი;

4. საპატიო მიზეზით სააუდიტორიო მეცადინეობის გაცდენის შემთხვევაში, ამის შესახებ აკადემიური პერსონალი, აგრეთვე მოწვეული პერსონალი წინასწარ 1 სამუშაო დღით ადრე, აცნობებს ფაკულტეტის დეკანსა და სასწავლო პროცესის კოორდინატორს, რომლებიც უზრუნველყოფენ გამცდენი ლექტორის ფაკულტეტის სხვა აკადემიური პერსონალით ჩანაცვლებას ან მეცადინეობათა ცხრილის ერთჯერადად კორექტირებას (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში), სტუდენტთა ინფორმირებას გაცდენის/მეცადინეობის ცხრილის ცვლილების შესახებ. დაუშვებელია აკადემიური და მოწვეული პერსონალის სააუდიტორიო მეცადინეობებზე, მათ ნაცვლად სხვა პირთა (თჰუ–ს თან შრომით ურთიერთობათა არქმონე პირთა) შესვლა;

5. არასაპატიო და საპატიო მიზეზით გაცდენილი მეცადინეობა ექვემდებარება სავალდებულო აღდგენას;

6. თჰუ აწარმოებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროის აღრიცხვას;

7. თჰუ ტექნიკური პერსონალის სამუშაო განრიგი განისაზღვრება მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; დაუშვებელია სამუშაო განრიგის სისტემატური (თვეში 3–ზე მეტჯერ) დარღვევა; სამუშაო განრიგის სისტემატური დარღვევის (სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადების ან/და სამუშაო ადგილის დროზე ადრე დატოვების) შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია დასაქმებულს დაუკავოს ხელფასი პროპორციულად ან/და გამოიყენოს ადეკვატური დისციპლინური სანქცია;

8. თჰუ ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო განრიგი განისაზღვრება მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; დაუშვებელია სამუშაო განრიგის სისტემატური (თვეში 3–ზე მეტჯერ) დარღვევა; სამუშაო განრიგის სისტემატური დარღვევის (სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადების ან/და სამუშაო ადგილის დროზე ადრე დატოვების) შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია განიხილოს დასაქმებულთა მიმართ ადეკვატური დისციპლინური სანქციის გამოყენების შესაძლებლობა;

9. თჰუ ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობს უნივერსიტეტის სამუშაო განრიგის შესაბამისად, თუ თავად ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსხვავებული სამუშაო განრიგი არ არის დადგენილი.


მუხლი 3.  სასწავლო განრიგი

1. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სასწავლო წლის 38 კვირა (2016-2017 სასწავლო წლიდან - 42 კვირა). სწავლება მიმდინარეობს 2 – საშემოდგომო და საგზაფხულო სემესტრებად. ერთი სემესტრის ხანგრძლივობაა – 19 კვირა (21 კვირა - 2016-2017 სასწავლო წლიდან);

2. თჰუ–ში მეცადინეობის ცხრილი მტკიცდება შესასბამისი ფაკულტეტის დეკანისა და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის მიერ; მეცადინეობის ცხრილი ქვეყნდება თჰუ–ს ვებ–გვერდზე, ასევე თჰუ–ს ფოიეში;  ერთი სასწავლო დღის მეცადინეობათა ცხრილი არ უნდა ითვალისწინებდეს 6–ზე მეტ აკადემიურ საათს ჯგუფისთვის; თჰუ–მ უნდა იზრუნოს, რომ ერთი სასწავლო დღის მანძილზე ჯგუფის მეცადინეობები იყოს თანმიმდევრული და არ ითვალისწინებდეს თავისუფალ საათს/საათებს (ფანჯარას);

3.  სტუდენტთა რეგულარული დასწრება მეცადინეობებზე რეკომენდირებულია და ექვემდებარება დაკვირვებას;

4. სასწავლო სააუდიტორიო მეცადინეობის ხანგრძლივობაა – 55 ასტრონომიული წუთი, შემდეგი გრაფიკით:

I. 9.00 – 9.55; შესვენება - 5 წუთი;

II. 10.00 – 10.55; შესვენება - 5 წუთი;

III. 11.00 – 11.55; შესვენება - 15 წუთი;

IV. 12.10 – 13.05; შესვენება - 5 წუთი;

V. 13.10 – 14.05;  შესვენება - 5 წუთი;

VI. 14.10 – 15.05;  შესვენება - 15 წუთი;

VII. 15.20 – 16.15; შესვენება - 5 წუთი;

VIII. 16.20 – 17.15; შესვენება - 15 წუთი;

4. თჰუ–ში სააუდიტორიო მეცადინეობები, როგორც წესი ინიშნება 09.00 საათიდან 17.15 საათამდე პერიოდში; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სააუდიტორიო მეცადინეობები შეიძლება დაინიშნოს საღამოს (არასამუშაო საათებში):

IX. 17.30 – 18.25; შესვენება - 5 წუთი;

X. 18.30 – 19.25; შესვენება - 5 წუთი;

XI. 19.30 – 20.25; შესვენება - 5 წუთი;

XII.20.30 – 21.25.

5. სააუდიტორიო მეცადინეობის დაწყების შემდეგ, აუდიტორიასა და დერეფანში დაცული უნდა იქნას წესრიგი;

6. შუალედური გამოცდების კვირეული დგინდება სასწავლო სემესტრის მანძილზე ორჯერ, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ; შუალედური გამოცდების კვირეულშ არ ტარდება სააუდიტორიო მეცადინეობები;

7. საგამოცდო სესიის მიმდინარეობისას, გამოცდები არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს; დაუშვებელია ერთსა და იმავე დღეს 1–ზე მეტი გამოცდის დანიშვნა;

8. ერთ სასწავლო დისციპლინაში ძირითად და დამატებით გამოცდას შორის ინტერვალი არის 10 კალენდარული დღე.

 

მუხლი 4.  სტუდენის უფლებები და მოვალეობები

1. თჰუ–ში სწავლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების მიღება;

2. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს თჰუ–ს მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე თჰუ–ს წარმომადგენლობით საბჭოში  და ფაკულტეტის საბჭოში;

დ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ე)  თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ  იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადაიტანოს მის მიერვე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

ზ) თჰუ–სგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

თ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ი) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

კ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ლ) სასამართლოში გაასაჩივროს თჰუ–ს მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება;

მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან თჰუ–ს კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და  კანონით დაცული უფლებები.

4. სტუდენტი ვალდებულია თჰუ–ს მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას თჰუ–ს წესდება, დებულება, ეს შინაგანაწესი, შეასრულოს თჰუ–ს სხვა შიდა რეგულაციური აქტები, მათ შორის თჰუ წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებები, თჰუ რექტორის ბრძანებები, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებები, საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ თჰუ–სთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

მუხლი 5. სტუდენტის ეთიკური ქცევის წესები

1. სტუდენტი ვალდებულია დაიცვას თჰუ–ში მოქმედი შიდარეგულაციური წესები, სასწავლო დისციპლინა და საკუთარი ქცევით ხელი შეუწყოს თჰუ–ს იმიჯის ამაღლებას;

2. სტუდენტი უნდა მოუფრთხლდეს თჰუ–ს მატერიალურ–ტექნიკურ ფასეულობებს, საბიბლიოთეკო ფონდებს, კომპიუტერებს და ა.შ.

3. სტუდენტს ეკრძალება:

ა) არაფხიზელ მდგომარეობაში უნივერსიტეტში ყოფნა;

ბ) ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება;

4. სტუდენტის მიერ სტუდენტური ეთიკის ნორმების დარღვევად ჩაეთვლება, შემდეგი ქმედებები:

ა) სხვა სტუდენტებთან უცენზური ვერბალურ კამათში შესვლა;

ბ) სხვა სტუდენტებთან ფიზიკური კონფლიქტების წამოწყება ან/და ასეთ კონფლიქტში ჩაბმა;

გ) უცენზური  ლექსიკის გამოყენება თჰუ–ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში;

დ) მეცადინეობაზე მობილური ტელეფონით სარგებლობა;

ე) მეცადინეობაზე საკვები პროდუქტით შესვლა;

ვ) მეცადინეობებზე ისეთი ქცევა, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მონაწილეებს – ლექტორს, სხვა სტუდენტებს;

ზ) აკადემიური პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

თ) ადმინისტრაციული პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

ი) დამხმარე პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

კ) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესს, აკნინებს მას ან თჰუ–ს იმიჯს.

5. სტუდენტს ეკრძალება სასწავლო აქტივობისას სხვისი ნაშრომის გამოყენება (პლაგიატი), გადაწერა (ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენება) ან კარნახი – ცოდნის შემოწმების პროცესში.

 

მუხლი 6.  სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები

1. თჰუ–ში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. სტუდენტური თვითმმართველობა, შეიმუშავებს და ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების საფუძველზე;

3. სტუდენტთა მიერ 3 წლის ვადით არჩეულ სტუდენტურ თვითმმართველობას ხელმძღვანელობს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა უშუალოდ სტუდენტურ თვითმმართველობის მიერ;

4. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას თჰუ–სა და ფაკულტეტის მართვაში;

ბ)  ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ)  ირჩევს წარმომადგენლებს თჰუ წარმომადგენლობით საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოებში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები თჰუ–ს მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს არ აქვთ უფლება ჩაერთონ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.


მუხლი 7. თჰუ–ს ზოგადი ვალდებულებები სტუდენტებისადმი

1. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

2. იკრძალება უნივერსიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს სტუდენტის გამოხატვის თავისუფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თჰუ დებულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა;

3. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის ზრუნავს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. უნივერსიტეტი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ.

 

მუხლი 8. თჰუ–ში დასაქმებულთა უფლება–მოვალეობები და აკადემიური პერსონალის ეთიკური ქცევის წესები

1. უნივერსიტეტის ადამიანური რესურსები შედგება ადმინისტრაციული, აკადემიური და დამხმარე პერსონალისაგან, აგრეთვე მოწვეული პერსონალისაგან (უფროსი მასწავლებელები და მასწავლებელები) და არასაშტატო ერთეულებზე ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთაგან;

2. ადამიანური რესურსების მიმდინარე მართვას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მენეჯერი;

3. უნივერსიტეტში დასაქმებულები ვალდებულნი არიან  დაიცვან თჰუ–ს წესდება, დებულება, ეს შინაგანაწესი, შეასრულონ თჰუ–ს სხვა შიდა რეგულაციური აქტები, მათ შორის თჰუ წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებები, თჰუ რექტორის ბრძანებები, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებები, თჰუ–სთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

4. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

5. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას უნივერსიტეტის  წესდება, დებულება, ეს შინაგანაწესი, შეასრულოს თჰუ–ს სხვა შიდა რეგულაციური აქტები, მათ შორის თჰუ წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებები, თჰუ რექტორის ბრძანებები, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებები, თჰუ–სთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ბ) დაიცვას ამ შინაგანაწესით განსაზღვრული ეთიკური ნორმები;

6. თჰუ უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

7. უნივერსიტეტში დასაქმებული ვალდებულია ზრუნავდეს უნივერსიტეტის ავტორიტეტის განმტკიცებისა და ამაღლებისათვის;

8. აკადემიურ პერსონალს ეკრძალება:

ა) პროფესორ–მასწავლებლისათვის შეუფერებელი საქციელი;

ბ) სტუდენტის გამოცდის შედეგზე ზემოქმედება, არაობიექტური შეფასება;

გ) ფაქტების გაყალბების, პროტექციის შემთხვევის და სხვა ანალოგიური ფაქტების დაფარვა;

დ) ლექციის გაცდენა და მასზე დაგვიანება;

ე) ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენა/გამოყენება;

ვ) სილაბუსის შინაარსიდან დაუსაბუთებელი გადახვევა;

ზ) ლექციაზე პოლიტიკური და რელიგიური მოწოდებების გაკეთება;

თ) გამორჩენის მიზნით  საკუთარი სტუდენტებისათვის დამატებითი მომსახურების გაწევა, მათ შორის კერძო გაკვეთილების შეთავაზება არასამუშაო საათებში;

9.  უნივერსიტეტში დასაქმებულის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. ამავე დროს, უნივერსიტეტის დასაქმებული უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი ადამიანური ღირსებები, სულიერი და სამოქალაქო ფასეულობები მისაბაძი უნდა იყოს სტუდენტებისთვის;

10. პროფესორ–მსწავლებლებსა და  სტუდენტებს შორის უნდა არსებობდეს ჯანსაღი თანამშრომლობის ურთიერთობა.

11. აკადემიური პერსონალი ვალდებულია დაიცვას თჰუ–ს წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ დაიკავოს ისეთი აკადემიური თანამდებობა ისეთი სტატუსის მქონე უნივერსიტეტში, რაც ავტორიცაზიისა და აკრედიტაციის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე,  გამოიწვევს ამ აკადემიური პერსონალის თჰუ–სათვის მიკუთვნების საკითხის გადახედვას;

12. ადამიანური რესურსების მენეჯერი უფლებამოსილია, პერიოდულად გადაამოწმოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ შესაბამის რეესტრში თჰუ–ს აკადემიური პერსონალის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმების მონაცემები;

13. დაუშვებელია უნივერსიტეტში პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების ფორმირება.

 

 

მუხლი 9. დისციპლინური დევნა

 

1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თჰუ–ს დებულებითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, სამართლიანი პროცედურის გზით.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევისა;

3. სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის საქმის წარმოების პერიოდში სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის, როგორც დროებითი ღონისძიების გამოყენება დაიშვება, თუ მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობა საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას, სასწავლო პროცესის წარმართვას;  სტუდენტის სასწავლო პროცესთან დაშვების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით;

4. სტუდენტის მიმართ დისციპლინურ დევნას აწარმოებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ საკუთარი წევრებისაგან ჩამოყალიბებული სადისციპლინო კომისია, 5 წევრის შემადგენლობით;

5. ფაკულტეტის სადისციპლინო კომისიას ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი, მის შემადგენლობაში სავალდებულო წესით შესულია ასევე – 1 სტუდენტი; სადისციპლინო კომისიის მოწვევა ხდება ფაკულტეტის დეკანის მითითებით,  საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე;

6. სტუდენტის  დისციპლინარული დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭოს სადისციპლინო კომისია, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გამოიცემა თჰუ რექტორის ბრძანება სტუდენტისათვის დისციპლინური სანქციის დაკისრების თაობაზე.

7.  სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას სადისციპლინო კომისიაში;

8. სადისციპლინო კომისია სწავლობს დისციპლინური გადაცდომის შემთხვევას, უფლებამოსილია გამოკითხოს დაინტერესებული პირი, უნივერსიტეტში დასაქმებულები და სტუდენტები მოწმის სტატუსით; სადისციპლინო კომისია ადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი თჰუ დებულებისა და თჰუ შინაგანაწესის დარღვევას ადგილი, აგრეთვე დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, რამდენად მძიმეა  დარღვევა და რა იქნება დამრღვევზე ზემოქმედების ადეკვატური – დარღვევის პროპორციული ღონისძიება.

9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

     ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

     ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

     გ) მიაწოდოს სადისციპლინო კომისიას მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

     დ) მონაწილეობა მიიღოს სადისციპლინო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

     ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და თჰუ შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების  საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს სადისციპლინო კომისიამ.

11. სტუდენტის მიერ თჰუ–ს დებულებისა და ამ შინაგანაწესის დარღვევის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში, სადისციპლინო კომისია შუამდგომლობს თჰუ რექტორის წინაშე (წარუდგენს საკუთარ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საკითხის განხილვის შესახებ, აგრეთვე რექტორის ბრძანების პროექტს), შემდეგი ერთ–ერთი დისციპლინური სანქციის გამოყენების თაობაზე:

ა)    წერილობითი გაფრთხილება (ძირითადი);

ბ) ბოდიშის საჯაროდ მოხდა (ძირითადი; გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი კანონით დაცული უფლებები);

გ)    ბოდიშის წერილობით მოხდა (ძირითადი);

დ)   მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა (დამატებითი);

ე)  უკანასკნელი გაფრთხილება (ძირითადი - 1 სასწავლო სემესტრის მანძილზე – განმეორებითი დარღვევისას);

ვ)  სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა (უნივერსიტეტიდან გარიცხვა) – გამოიყენება უკიდურესად მძიმე ან უხეში დარღვევისას, რა დროსაც სტუდენტის მიერ თჰუ–ში სწავლის გაგრძელება, შეუძლებელს ხდის სხვათა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ან/და სასწავლო პროცესის წარმართვას;

12. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს  მის მიმართ დისციპლინური დევნის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება;

13. სტუდენტის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სანქციის თაობაზე ინფორმაცია, როგორც წესი, კონფიდენციალურია;

14. უნივერსიტეტის დამხმარე ან არაარჩევითი ადმინისტრაციული თანამდებობის პირების, აგრეთვე მოწვეული პერსონალის მიერ შინაგანაწესის ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ საკითხს იხილავს რექტორი ან მისი დავალებით –  პრორექტორი;

15. უნივერსიტეტის არჩევითი ადმინისტრაციული პერსონალის, აგრეთვე  აკადემიური პერსონალის მიერ შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის საკითხს იხილავს თჰუ აკადემიური საბჭო; დარღვევის ფაქტის გამოსაკვლევად აკადემიური საბჭო ქმნის  სადისციპლინო კომისიას, აკადემკური საბჭოს უფლებამოსილების ვადით, 3 წევრის შემადგენლობით, რომელსაც თავმჯდომარეობს რექტორი;

16. დისციპლინარული გადაცდომის, შინაგანაწესის დარღვევის ან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინარული სანქციები:

      ა) შენიშვნა;

      ბ) საყვედური;

      გ) სასტიკი საყვედური;

      დ) ხელფასის დაკავება (დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, პროპორციულად);

      ე) მიყებებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება (ძირითადი, დამატებითი);

      ვ) თანამდებობიდან გათავისფლება.

17. დასაქმებულს  უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს  მის მიმართ დისციპლინური დევნის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. უსაფრთხო გარემო

თჰუ შეიმუშავებს დაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და სამედიცინო დამხარების აღმოჩენის ეფექტურ მექანიზმებს, როგორც სტუდენტებისათვის, ისე უნივერსიტეტის ადამიანური რესურსებისათვის;

 

მუხლი 11. დასაქმებულთა და სტუდენტთა წახალისება

1. თჰუ დებულების შესაბამისად, თჰუ რექტორი უფლებამოსილია დასაქმებულთა შრომითი მოტივაციისა და წახალისების მიზნით გამოიყენოს წახალისების შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

გ) ფასიანი საჩუქარი;

ბ) პრემირება.

2. თჰუ დებულების შესაბამისად, თჰუ რექტორი უფლებამოსილია სტუდენტის სწავლის მოტივაციის და წახალისების მიზნით გამოიყენოს სტუდენტის წახალისების შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) სასწავლო ნივთებით დასაჩუქრება;

გ) ერთჯერადი სტიპენდიის გაცემა;

დ) სემესტრული სტიპენდიის დანიშვნა;

ე) სასწავლო ტარიფის შემცირება;

ვ) სასწავლო მივლინების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

 
სასარგებლო ბმულები