აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და კლასტერული აკრედიტაციის თანმდევი პროცესები
ინტერვიუ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ლაშა მარგიშვილთან
რა ძირითადი ცვლილებები იგეგმება 2022 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემაში?
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს, რომ 2022 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის ცვლილება განხორციელდეს. იგეგმება კლასტერული აკრედიტაციის დანერგვა, რომლის დროსაც აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი სწავლის რომელიმე სფეროს ერთ ან რამდენიმე სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს შეაფასებს. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარმოადგენს თვითშეფასების ერთ ანგარიშს და აკრედიტაციის ექსპერტებიც ერთ დასკვნას შეადგენენ.
კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, წლის განმავლობაში, წინასწარ განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციოდ წარმოდგენა მოუწევთ. შესაბამისად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ თავიანთი ფინანსური და ადამიანური რესურსების კონსოლიდაცია კონკრეტული სფეროს პროგრამების განვითარებისთვის.
ჩვენი აზრით, კლასტერული აკრეტიდაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებას. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სისტემით შესაძლებელი გახდება, რომ სახელმწიფომ და საზოგადოების წევრებმა, მათ შორის განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, გააანალიზონ, როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი და სფერო როგორც ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, ასევე მთლიანად სახელმწიფოში. აღნიშნული მიდგომა წაახალისებს, დარგის ჭრილში, დაინტერესებულ მხარეებს, გააკეთონ თემატური ანალიზი, თუ რა ძლიერი და გასავითარებელი მხარეები აქვს კონკრეტულ დარგს საქართველოში.
კიდევ რა ცვლილებებია დაგეგმილი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიმართულებით?
იგეგმება, რომ პროგრამების აკრედიტაცია სავალდებულო გახდეს ყველა საფეხურისა და სახის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარების პროცესის გამარტივებას, რადგან უმაღლესი განათლების სისტემაში აღარ გვექნება აკრედიტებული და არააკრედიტებული პროგრამები, რაც ხშირად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნეულობას იწვევდა. აკრედიტაციის სავალდებულოობა ხელს შეუწყობს ყველა საგანმანათლებლო პროგრამის უფრო სიღრმისეულად შეფასებას, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
ასევე, შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, თუკი მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია ან პირობითი აკრედიტაცია მიენიჭება, აკრედიტაციის საბჭო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იქნება მიღებული მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკა, შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსები. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიცინის პროგრამის განმახორციელებლები საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ რაოდენობის სტუდენტებს იღებდნენ, რამდენსაც სათანადო ხარისხით შესთავაზებენ შესაბამის სერვისებს და მათთვის სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტების ეფექტურად დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფენ.
კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის მიზნით, რა სახის ცვლილებების განხორციელება იგეგმება აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებში?
თავდაპირველად, მომზადდა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები. ასევე, შემუშავდა აკრედიტაციის სტანდარტების განახლებული პროექტი. აკრედიტაციის სტანდარტების დოკუმენტში კლასტერული აკრედიტაციისთვის დამახასიათებელი შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები გაიწერა. განახლებული სტანდარტები უზრუნველყოფს ერთ კლასტერში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან ერთიანობაში შეფასებას, საგანმანათლებლო პროგრამებს შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით.
განხორციელდა აკრედიტაციის ცალკეული სტანდარტების სტრუქტურის ცვლილება. კერძოდ, სტანდარტის რიგი კომპონენტები გაერთიანდა სხვა სტანდარტის კომპონენტებთან. აღნიშნულმა მიდგომამ უზრუნველყო, შინაარსობრივი ნიშნით, კიდევ უფრო მსგავსი კომპონენტების გაერთიანება ერთი სტანდარტის ფარგლებში და ასევე, ხელი შეუწყო აკრედიტაციის სხვადასხვა სტანდარტში თანაბარი რაოდენობის კომპონენტების არსებობას. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო ფორმატის ელექტრონულად წარმართვის პრაქტიკიდან გამომდინარე, შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები, როგორ უზრუნველყოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ელექტრონულად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასება. კერძოდ, ინსტიტუციას შემუშავებული უნდა ჰქონდეს, ელექტრონულად განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებისთვის, შესაბამისი შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.
მკაფიოდ ჩამოყალიბდა სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათი პროფესიული განვითარების მექანიზმები. ამასთან, განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები კვლევითი კომპონენტის ორგანიზების კუთხით, დაზუსტდა და დაიხვეწა სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ცალკე დოკუმენტის სახით შემუშავდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმები, სადაც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, თუ როგორ შეფასდეს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, პროგრამის შინაარსი, სასწავლო კომპონენტის მიზნები, დისერტაციის დაცვის პროცედურები, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, მათ შორის ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის კვალიფიკაცია.
სტანდარტებთან ერთად, განახლდა აკრედიტაციის პროცედურებიც, რომელმაც გაითვალისწინა კლასტერული აკრედიტაციის თავისებურებები — დეტალურად გაიწერა საგანმანათლებლო პროგრამების ერთ კლასტერში დაჯგუფების პრინციპები. ერთ კლასტერში შესაძლებელი იქნება არაუმეტეს რვა საგანმანათლებლო პროგრამის დაჯგუფება. ამასთან, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფდება მხოლოდ იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან. ამასთან, თუკი, ინსტიტუციის სურვილი იქნება, დაიმატოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, დაწესებულებას ექნება უფლება, სააკრედიტაციოდ წარმოადგინოს ერთი საგანმანათლებლო პროგრამა. სამომავლოდ, ასევე, იგეგმება საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაც.
აკრედიტაციის პროცედურების ნაწილში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ახალი და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადა იქნება 7 წელი. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ახალ პროგრამას აკრედიტაცია 4 წლის ვადით ენიჭება, ხოლო მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამას — 7 წლით. ასევე, გაიზარდა პირობითი აკრედიტაციის ვადა, კერძოდ, ნაცვლად არაუმეტეს 2 წლის ვადისა, საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია არაუმეტეს 4 წლის ვადით მიენიჭება.
შემუშავდა უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცედურები. აღნიშნული ცვლილებებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილი იქნება, საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება საზღვარგარეთაც განახორციელოს. ახალი ფუნქციისა და საქმიანობის განხორციელება საერთაშორისო დონეზე მეტ სანდოობას შემატებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობას, ამავდროულად, მეტ ცოდნასა და გამოცდილება შესძენს ცენტრის თანამშრომლებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ადგილობრივ ექსპერტებს.
ჩართულები იყვნენ თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აკრედიტაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავების პროცესში?
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ცვლილება, რომელიც იგეგმება და ხორციელდება, წინასწარ უნდა იყოს განხილული, გაანალიზებული ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. შესაბამისად, შემუშავებული პროექტები წერილობით დაეგზავნა ყველა ინსტიტუციას და მიეცათ გონივრული ვადა, წარმოედგინათ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები. მიღებული უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე, გადამუშავდა პროექტები და დაწესებულებებთან დამატებითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში, სადაც დეტალურად განვიხილეთ, თუ რომელი მოსაზრებები იქნა ცენტრის მიერ გაზიარებული და რომელი არა. დაწესებულებებს მიეცათ მკაფიო და ნათელი განმარტებები, რატომ ვერ მოხდა, ამ ეტაპზე, მათ მიერ გამოთქმული გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინება.
ასევე, ევროკავშირის დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (TWINNING) მხარდაჭერით, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა (EKKA) და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) თანამშრომლობით, განხორციელდა კლასტერული სტანდარტებისა და პროცედურების პროექტების პილოტირება. საპილოტე შეფასებები განხორციელდა სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და შეფასდა ცხრა საგანმანათლებლო პროგრამა. პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ესტონეთიდან.
რა ნაბიჯები გადაიდგა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის განვითარებისთვის?
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, გამოცხადდა ახალი კონკურსები. კერძოდ, უკვე დასრულდა სტუდენტი ექსპერტების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს კორპუსს 25 ახალი სტუდენტი დაემატა. ამასთან, გამოცხადდა ჰუმანიტარული სფეროს და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტების შესარჩევი კონკურსები. ასევე, დაიწყო აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ეტაპობრივი ატესტაციის პროცესი. ცენტრის საერთაშორისო ექსპერტთა ბაზის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის — ENQA-ს და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის — EUA-ს ვებგვერდებზე განთავსდა ცენტრის განცხადებები საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისთვის.
ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრთა პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევა და PLA ღონისძიებები. გამართულ სამუშაო შეხვედრებში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის — ESU-ს, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის — EQAR-ის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის — ENQA-ს და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომდგენლები.
გამოიწვია თუ არა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის მზადებამ უმაღლესი განათლების ახალი დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესის გააქტიურება?
უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. 2021 წლის განმავლობაში, ცენტრმა უზრუნველყო ჰუმანიტარულ სფეროში ხუთი ახალი დარგობრივი მახასიათებლის მომზადება და დამტკიცება. მახასიათებლები შემუშავდა შემდეგ სფეროებში: არქეოლოგია; ისტორია; ფილოსოფია; ქართული ფილოლოგია; ენის დაუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესში ჩართული იყო ყველა ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ჩამოთვლილ სფეროებში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ამასთან, დარგობრივი მახასიათებლები, საჯარო განხილვისთვის, გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა მათ და წარმოედგინა შენიშვნები ან/და მოსაზრებები.
ამჟამად მიმდინარებს მუშაობა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის განახლებაზე. ცვლილებების შედეგად, მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი შესაბამისობაში მოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ 2020 წელს დამტკიცებულ ახალ სტანდარტებთან. დამატებით, აღსანიშნავია ცენტრში მიმდინარე მუშაობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მენეჯმენტის, სპეციალური მასწავლებლის, სოციალური მუშაობის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებაზე.
ამასთან, სამომავლოდ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება საექთნო საქმის, სამეანო საქმის, დიპლომირებული სტომატოლოგის, ფარმაციის, არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, მშენებლობის ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მიზნით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამომავლოდაც განაგრძობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას და განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ადგილობრივი და საერთაშორი...
ვრცლადთჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში...
ვრცლად3 მარტი - დედის დღე და 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე - უქმე დღეებია!
თჰუ-ს ადმინისტრაცია გილოცავთ გაზაფხულის დღეებს და აცხადებს: ...
ვრცლად