ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. გერმანული და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ გერმანიაში, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს კი მოკლევადიანი ვიზიტით მიიწვევენ ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად, ასევე სიმპოზიუმებში, კვლევებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი ხელშეკრულება აგრეთვე ითვალსიწინებს ფაკულტეტებს შორის ურთიერთსასარგებლო ვიზიტების განხორციელებას და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გერმანული მხრიდან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, ქართული მხრიდან კი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.

2019 წლის ოქტომბერში, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარის ფარგლებში, შედგა პირველი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მოწვევით, თჰუ-ს ეწვივნენ გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის - აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ჰოლგერ პაშედაგი. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, დასახეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების კონკრეტული გზები. 2020 წლის იანვარში კი უნივერსიტეტებს შორის ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს  აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - პროფ. ევა-მარია ბეკ-მოითმა და თჰუ-ს რექტორმა - პროფ. ვალენტინა საყვარელიძემ.
კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები