ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“
საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.
კონკურსის მიზანია: ღია პარლამენტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის მათ მიერ მოფიქრებული და შერჩეული ვალდებულებების ინიცირება.
კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში და გაგვიზიარონ საკუთარი იდეები, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რათა იგი გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, მისი საქმიანობა კი უფრო გამჭვირვალე და ღია მოქალაქეთა ჩართულობისთვის.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 26 წლამდე სტუდენტს.
საკონკურსო პირობები:
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ იდეები ღია პარლამენტის რიგით მესამე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის;
2. წარმოდგენილი იდეების/ვალდებულებების მთავარი მიზანი უნდა იყოს საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ასევე პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა/გამოყენება;
3. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე იდეის გამოგზავნა;
4. წარმოდგენილი იდეა არ უნდა იმეორებდეს საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე შესრულებულ და/ან მიმდინარე ვალდებულებას. იხ. ვალდებულებების ჩამონათვალი აქ: ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა და ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმა.
5. იდეა უნდა იყოს ისე ჩამოყალიბებული, რომ მკაფიოდ ასახავდეს ვალდებულების არსს და მიზანს;
6. ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
კონკურსის ჯილდო - უნიკალური შესაძლებლობა პირადად ჩაერთო პარლამენტის საქმიანობაში
- განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ, შემოთავაზებული იდეების პირველადი გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე საკუთარი იდეის/ების პრეზენტაციისთვის;
- განხილვების შედეგად საუკეთესო იდეა/ები შეიძლება შევიდეს საქართველოს პარლამენტის 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმაში;
- იდეების ავტორს/ებს საშუალება ექნება/ათ მონაწილეობა მიიღონ ღია პარლამენტის შეხვედრებსა და ღონისძიებებში;
- 3 საუკეთესო იდეის ავტორს/ებს შესაძლებლობა ექნება დაესწროს 17-19 ივლისს თბილისში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს, რომელსაც 70 ქვეყნის, 3000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.
საკონკურსო იდეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ 2018 წლის 23 მარტამდე, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ - „ახალგაზრდული კონკურსი“. იდეის გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).
ღია პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2018 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე, ფაბრიკას (ეგნატე ნინოშვილის ქ. # 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2018 წლის 23 თებერვლისა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:
ელექტრონული მისამართი: contest@idfi.ge
FB მესიჯი: https://www.facebook.com/IDFI.official
ტელ: +995 32 2 92 15 14; და/ან +995 599 500 137
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა
ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა
ვრცლადთჰუ დაეხმარა კაპანაძეების ოჯახს
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ჩავიდნენ ცხინვალის რე...
ვრცლად