ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა
- თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის (არმ) პოლიტიკაში გაცხადებულია პერსონალის მართვის პრინციპები: თანასწორობა/თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; მრავალფეროვნება, გამჭვირვალობა, ნების თავისუფალი გამოვლენა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთ-მხარდაჭერა, კეთილსინდისიერება, პერსონალის ინტერესების გათვალისწინება, ღიაობა, ოპტიმალურობა.
- თჰუ-ს არმ პოლიტიკა განსაზღვრავს პერსონალის მართვის ზოგად პრინციპებსა და წესებს; თჰუ პერსონალის მართვის პროცესი წარმოადგენს უწყვეტ ციკლს, რომელიც ერთმანეთან მონაცვლე ან პარალელურად მიმდინარე შემდეგი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს.
- თჰუ პერსონალი წარმოდგენილი შეიძლება იყოს ორი ძირითადი სტატუსით:
ა) შტატით გათვალისწინებული;
ბ) შტატგარეშე (ვადიანი ხელშეკრულებით).
- უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალის თანამდებობები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი);
ბ) ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) დამხმარე პერსონალი;
დ) მოწვეული (არასაშტატო) პერსონალი.
- 2019 წლის მაისის მონაცემებით თჰუ-ში დასაქმებული აკადემიური პერსონალის სტატისტიკური მაჩვენებლები აფილირების, ასაკობრივი ინტერვალისა და სქესის მიხედვით მოცემულია დიაგრამებზე.
- პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ–პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა ან/და სამეცნიერო კვლევებში ან/და წარმართავენ მათ; ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შერჩეულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციური აქტებით დადგენილი საკონკურსო პირობების მიხედვით, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისაგან დამოუკიდებელ საკონკურსო კომისიათა გადაწყვეტილებების შესაბამისად.
- აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით; პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება 4 წლის ვადით; ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება 3 წლის ვადით; ღია კონკურსის ჩატარების, მათ შორის, თარიღისა და საკონკურსო კომისიის განსაზღვრის გადაწყვეტილებას, ფაკულტეტების შუამდგომლობით, ღებულობს აკადემიური საბჭო; საკონკურსო პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო, ფაკულტეტების წინადადებათა გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით; ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება; კონკურსის ჩატარების თარიღი და საკონკურსო პირობები ქვეყნდება საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- 2019 წლიდან აკადემიური პერსონალის აფილირება რეგულირდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. აკადემიური პერსონალის აფილირების წესი არეგულირებს თჰუ-სა და აკადემიური თანამდებობის მქონე პირებს შორის აფილირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა აკადემიური პერსონალისთვის. თითოეული აკადემიური თანამდებობის მქონე პირი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ - პროფესორი, ასისტენტი) განსაზღვრავს თავის აფილირებას მხოლოდ თჰუ-სთან და მისი სახელით: მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში; ახორციელებს საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო, კვლევით და მეთოდურ საქმიანობას და მისი კვლევის შედეგები ეთვლება თჰუ-ს; აქტიურად არის ჩართული თჰუ-ში საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროცესებში; აქტიურად არის ჩართული თჰუ-ში სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევისა და მათი კვლევითი ან და პრაქტიკული კომპონენეტის ხელმძღვანელობის პროცესებში.
- აფილირებული პირი ვალდებულია შეასრულოს საგანმანათლებლო, სასწავლო-სამეცნიერო, კვლევითი და მეთოდური საქმიანობა შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად; აფილირებული პირი უფლებამოსილია: არჩეულ იქნას თჰუ-ს მართვის ორგანოებში თჰუ-ს დებულების შესაბამისად, დაიკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, თუ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით მისი დატვირთვა არ აღემატება 6 საათს, ისარგებლოს კანონმდებლობით განსაზღრული ანაზღაურებადი შვებულებით, დაიკავოს აკადემიური თანამდებობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ მისი დატვირთვა ამ დაწესებულებაში არ აღემატება კვირაში 12 საკონტაქტო საათს. აფილირებული პირი ვალდებულია გააფრთხილოს უნივერსიტეტი 30 დღით ადრე მისი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირების გადაწყვეტილების შესახებ.
- უნივერსიტეტი აფილირებულ პირს დაუფინანსებს სამეცნიერო ნაშრომის (სტატია, სახელმძღვანელო, მონოგრაფია და ა.შ.) გამოქვეყნებას; ასევე დაუფინანსებს მივლინებებსა და მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვან აქტივობებში (ტრენინგი, კონფერენცია, სიმპოზიუმი, სამუშაო შეხვედრა და ა. შ.) მონაწილეობას, რომელიც აფილირების შინაარსიდან გამომდინარეობს; უნივერსიტეტი აფილირებულ პირს უპირატესობას მიანიჭებს შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
- უნივერსიტეტი, მასთან აფილირებული პირის მიერ აფილირების პირობების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილია გააუქმოს აფილირების შეთანხმება და დადებული აფილირების შრომითი ხელშეკრულება.